მაისი 10, 2022

პრეს-რელიზი / ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეული 2022

„მეწარმე ქალთა საბჭომ საქართველოში“ და ფონდი „არტკავკასუსის“  მიერ გასულ წელს განხორციელებული  პროექტი – „ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეული 2021“,   უკვე ყოველწლიურ სახეს იღებს. ეს არის პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ხელოვან ქალთა მხარდაჭერას და ეკონომიკური გაძლიერების ხელშეწყობას მათი შემოქმედების პოპულარიზაციის გზით! პროექტის პარტნიორები არიან შემოქმედებითი ევროპის დესკი საქართველოში, თბილისის მუნიციპალური მერია და ნიდელანდების საელჩო საქართველოში და საზოგადოებრივი მაუწყებელი.

„ხელოვან ქალთა ციფრული გამოფენის კვირეული 2022“ წელს კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა.    სწორედ ამიტომ, უკვე არსებულ ექსპოზიციას დაემატება დეკორატიული ხელოვნების რამდენიმე დარგი: მხატვრული კერამიკა, ტექსტილი (ბატიკა, თექა, ფარდაგი, ქვილთი, პეჩვორკი, აპლიკაცია, ნაქარგობა), საავტორო თოჯინები.

პროექტის მიზანია ხელოვან ქალთა მონაცემთა ბაზისა და საერთაშორისო პროფესიული  ქსელის შექმნა, რომლის დახმარებით პროფესიონალი, მოყვარული და დამწყები/სტუდენტი მხატვარი ქალები შეძლებენ საერთაშორისო არტსივრცეში ინტეგრაციას, კოლეგებთან კომუნიკაციას ინტერნეტის მეშვეობით, თავიანთი ნამუშევრების ფართო საზოგადოებისათვის წარდგენას, რეალიზაციას და საკუთარი შემოქმედებითი კარიერის მართვას. პროექტში მონაწილეობა უფასოა!

აღნიშნული ციფრული ღონისძიება მნიშვნელოვანია ევროპული კურსისა და გენდერული ჭრილის გათვალისწინებით და ეხმიანება ქალთა ეკონომიკური გაძლიერების კომპონენტს. პროექტის დახმარებით ორგანიზატორები თვითდამკვიდრებაში ეხმარებიან ყველა ქალს, ვინც დღევანდელ უმძიმეს სოციალურ რეალობაში თავის პროფესიულ საქმიანობას ხელოვნებას უკავშირებს და  ცდილობს გადარჩეს!

პროექტში მონაწილეთა ბაზა მუდმივად განახლდება და შეივსება.  შარშანდელ ვირტუალურ ექსპოზიციაში 282 პროფესიონალი, მოყვარული და დამწყები ფერმწერი ქალი მონაწილეობდა საქართველოდან და უცხოეთის ქვეყნებიდან (11 ქვეყანიდან). შვიდი დღის განმავლობაში (27 მაისი – 2 ივნისი, 2021) გამოფენას 67 840 ვიზიტორი ეწვია

პროექტის ფარგლებში შექმნილ და ინტერნეტ საიტზე www.weekofart.com ახალი საგამოფენო სივრცეები დაემატება მოქმედი ხელოვანებით დეკორატიულ ხელოვნებაში.  კვირეული გაიმართება 14-20 ივნისი, 2022.

Scroll to Top