ხელოვანის პორტრეტი
60 წლისამ აღმოვაჩინე, რომ ყველაზე სასიამოვნო საქმიანობა ჩემთვის ხატვა ყოფილა. მანამდე არაერთი რამ მიკეთებია, უსიამოვნოც და სასიამოვნოც. სასიამოვნოთა შორის შემიძლია დავასახელო სამეცნიერო მუშაობა (200-ზე მეტი ნაშრომის ავტორი ვარ), პედაგოგიური საქმიანობა(50 წელზე მეტ ხანს ვკითხულობდი ლექციებს უმაღლეს სასწავლებლებში), ლექსების წერა (800 ლექსისა და პოემის, 8 პოეტური კრებულის ავტორი ვარ), დრამატურგია (ჩემი პიესები სხვადასხვა დროს იდგმებოდა თბილისის, ქუთაისის, ბათუმისა და სოხუმის დრამატული თეატრების სცენაზე), სხვათა შემოქმედების (წიგნის, ფილმის, სპექტაკლის, ნახატის…) გაცნობა-გაზიარება, ბავშვებთან ურთიერთობა (ნებისმიერ ბავშვთან და განსაკუთრებით ჩემებთან – მყავს 5 შვილი, 6 შვილიშვილი და 2 შვილთაშვილი)თუ სხვა. ხატვამ უცებ ეს ყველაფერი გადაწონა და მთელ ჩემს დროს დაეპატრონა.
ხატვა არ ვიცოდი და ხატვაში ვატარებდი დღეებსა და ღამეებს. ვხატავდი ყველაფრით და ყველაფერზე. ზოგიერთი ნახატის ჩვენება სხვებისათვის იმიტომაც მეუხერხულებოდა, რომ ნამუშევრის უკანა მხარეს შეიძლებოდა სრულიად შეუსაბამო წარწერა გამოჩენილიყო. გამოჩენილიყო იმ უბრალო მიზეზით, რომ ნახატი რომელიმე პროდუქტის შესაფუთ მასალაზე მქონოდა შესრულებული. ახლობლების შემდეგ ჩემი ნამუშევრების შემფასებლებად ჩემი მკითხველები იქცნენ, როდესაც პოეტური კრებულები საკუთარი ილუსტრაციებით გამოვეცი. შემდეგ იყო ორი პერსონალური გამოფენა–„პოეტებიც ხატავენ“ („გალა-გალერეა“, 2010 წ.) და „ჩვენი შავ-თეთრი და ფერადი წუთისოფელი“ (ზურაბ წერეთლის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი, 2015 წ.).
როგორც მეუბნებიან, 1000-ზე მეტი ნახატი დამგროვებია. 80 წლისა დღესაც ვხატავ. ისეთი უხვამბიანი და უხვფიგურიანი აღარ არის ჩემი ნახატები, როგორიც თუნდაც ათი წლის წინ იყო, მაგრამ, მგონია, რომ პერსონაჟები ისევ კეთილები და სანდომიანები მყავს, რომლებსაც იწონებენ და იმახსოვრებენ, რაც მე ბავშვივით მახარებს.
მიყვარს ხატვა, სიცოცხლე მიყვარს, ხატვა სიცოცხლეა.“
ენათმეცნიერი, პოეტი და დრამატურგი. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1986), პროფესორი (1988), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (2001), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის აკადემიკოსი (2013), საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ენის, ლიტერატურისა და ხელოვნების განყოფილების აკადემიკოს-მდივანი (2005 წლიდან დღემდე).