ხელოვანის პორტრეტი
„ბევრი რამ მაინტერესებს ცხოვრებაში. ძირითადად, – ხელოვნება, მუსიკა, ლიტერატურა, მხატვრობა… ბევრს ვფიქრობ, ალბათ, კაცობრიობისთვის ყველაზე მნიშვნელოვან საკითხებზე – რატომ ვართ, რა არის სამყაროს გაჩენის მიზანი, რა როლი გვაქვს ადამიანებს ამ სამყაროში. და თუ დავკონკრეტდებით, – რა როლი გვაქვს ჩვენ, ქალებს… რა კონტექსტებში ვართ დღეს, რა მიღწევებია საზოგადოებაში ამ კუთხით. ძირითადად, კონტექსტებში ყოფნა მაინტერესებს, ადამიანის ბუნების მოქნილობა და მისი მორგება ამ კონტექსტებზე. მგონია, რომ დღეს, როგორც არასდროს, ქალებს დიდი გახსნილობა, შესაძლებლობა გვაქვს ჩვენი ნიჭის გამოსავლენად. ეს ძალიან მახარებს. ყოველთვის ვფიქრობდი და დღესაც ასე მიმაჩნია, რომ თუ შევქმნით გარკვეულ პირობებს, თუ სიკეთისკენ მივმართავთ, ადამიანს ბევრი რამის გამოვლენა შეუძლია. ვისურვებდი, ოდნავ მაინც ამომეხსნა ეს სამყარო. ალბათ, ამას ხატვით ვცდილობ, სადაც ჩემთვისაც მოულოდნელ ქვეცნობიერს ვაწყდები.“