ხელოვანის პორტრეტი
„დავიბადე სამეგრელოს ერთ პატარა, ლამაზ ქალაქში, სენაკში. ამჟამად, ვცხოვრობ ქუთაისში, მეუღლესთან და ორ ქალიშვილთან ერთად. ბავშვობიდან ვხატავ, პროფესიის არჩევაც, სწორედ ხატვის სიყვარულმა განაპირობა.
საუკეთესოდ მახსენდება ახმეტელის თეატრში მუშაობის წლები, სადაც რეჟისორ ნუკრი ქანთარიას დამსახურებით აღმოვჩნდი. ვოცნებობდი კინოში ან თეატრში კოსტუმების მხატვრად მუშაობაზე, მაგრამ, ყველაზე დიდი ხნით პედაგოგად მუშაობამ მომიწია. არ ვიცი, ეს რამ განაპირობა, – ბავშვების სიყვარულმა, თუ გულწრფელ პატარა ადამიანებთან ურთიერთობამ. ყოველთვის მახარებს საკუთარი მოსწავლის წარმატება, მითუმეტეს, თუ იგი შემოქმედებითი კუთხით ვითარდება. ბედნიერებაა, როცა აკეთებ საქმეს, რომელიც გიყვარს. პედაგოგობასთან ერთად, ძალიან რთულია შემოქმედებითი მოღვაწეობა, რადგან ეს ძალიან დიდ დროს და ენერგიას გართმევს… იმედია, შევძლებ უფრო მეტად დავიხარჯო შემოქმედებითი კუთხით და შევქმნა ბევრი ნამუშევარი, რითაც სიამოვნებას მივანიჭებ სხვასაც და საკუთარ თავსაც.“