ხელოვანის პორტრეტი
„კეთილი! მოვყვები ჩემ შესახებ, დავხატავ, უფრო სწორად დავწერ დაახლოებით 400 სიტყვიან საკუთარ პორტრეტს ბიოგრაფიის გარეშე, თუმცა მისი გამოსახვისას ეს უკანასკნელი მაინც მთავარია, რადგან ბიოგრაფია (მითუმეტეს, თუკი ნატურალისტური ფილოსოფიის ჭრილში შევხედავთ აღნიშნულ საკითხს), მასთან ერთად მემკვიდრეობითი ფესვები, გარემო ფაქტორები და სხვა პირდაპირ კავშირშია ჩამოაყალიბოს ადამიანში ამოუცნობი და ფარული თვისებები, შექმნას თვისობრიობათა ინდივიდუალური კრებული, რაც განასხვავებს და გამორჩეულს ხდის მის პორტრეტს სხვებისგან.
არც თუ ისე მარტივია ისაუბრო პორტრეტზე ფიზიკური მახასიათებლების გარეშე და დაწერო ,,ტექსტი პორტრეტი” გარდაუვალი ავტოპორტრეტულობით.
ხელოვნებაში პორტრეტის მთავარ ობიექტს ხომ ადამიანი წარმოადგენს, რომელმაც ჯერ კიდევ აღორძინების ხანაში შუასაუკუნოებრივი ღმერთის ადგილი დაიკავა და სამყაროს ცენტრში დადგა. მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე სამყაროში ის მაინც ანტიკური ეპოსის გმირივით გრძნობს თავს და ხშირად ნისლშია გახვეული, მაინც საკუთარი მონდომებითა და ქმედებით აღწევს თავს ბურუსს და არა ოლიმპოს ღმერთებისა და ქალღმერთების დახმარების იმედით.
„ჩემი პორტრეტი იმ ადამიანისაა, ვინც მუდმივად შემოქმედებით პროცესშია და, ვისთვისაც ხელოვნება არის სილამაზის ძიების შესაძლებლობა, სილამაზისა, რომელიც ესოდენ უხვადაა ჩვენს ირგვლივ. როგორც შარლ ბოდლერმა აღმოაჩინა ,,ბოროტების ყვავილებში” სიკეთისა და მშვენიერების მარცვლები, გურამ დოჩანაშვილმა კი ერთი შეხედვით უსახურ ეკლიან კაქტუსში სიყვარულის საწყისი … მეც ვერ ვუვლი გვერდს სამყაროში გაბნეულ პატარა სასწაულებს და მათი ძიებისა და პოვნის გზა საკუთარ სულშიც მამოგზაურებს. ყოველი ახალი ამოცანის დაძლევა კი საკუთარ შესაძლებლობათა მოსინჯვაა.
ჩემი პორტრეტი იმ ადამიანისაა, ვისთვისაც ყველაზე დიდი არტისტი სამყაროს შემოქმედია და ბედნიერია, რომ ახლა ამ შეუფასებელი, უნაპირო ტილოს ნაწილია და შეუძლია თავისი პატარა ფუნჯით თავადაც შექმნას და აფერადოს თანამედროვე სამყაროში მისეული მაკრო მოდელი.
ჩემი პორტრეტი იმ ადამიანისაა, ვისთვისაც დრო სამია სამყაროში და მეც ვიყავი, ვარ, მაგრამ უკეთესი ვიქნები.
მაგრამ პროფესიის პარალელურად ფოტოგრაფია, გამოყენებით-დეკორატიული ხელოვნება და ხატვა შემოქმედებითი ტკბობის, თერაპიისა და განვითარების შესაძლებლობად ვაქციე და შესაბამისად, აღნიშნული მიმართულებითაც საკმაო გამოცდილება დამიგროვდა.“