ხელოვანის პორტრეტი
„ყოველთვის ვცდილობდი ჩემი ნებისმიერი საქმიანობა ხატვასთან დამეკავშირებინა, რადგან ვფიქრობ, სწორედ ხელოვნებისადმი უსაზღვრო სიყვარულია ჩემი პიროვნების მთავარი შემადგენელი ნაწილი. 2019 წელს, უნივერსიტეტის სამხატვრო კონკურსში გამარჯვებამ მიბიძგა, ჩემთვის უსაყვარლესი ორი სფერო – ხელოვნება და ფსიქოლოგია გამეერთიანებინა. მივხვდი, რომ არ არის აუცილებელი რომელიმეს არჩევა, რადგან ეს ორი სფერო ერთმანეთს სრულებით არ უშლის ხელს, მეტიც, ავსებს, აძლიერებს და მეხმარება თითოეულის უკეთესად წარმოჩენაში. ჩემი მომავალი პროფესიაც მათი ერთიანობაა, ვაპირებ მაგისტრატურაზე არტ-თერაპია ვისწავლო და დარწმუნებული ვარ არ არსებობს საქმე, რომელშიც უფრო დიდი მოტივაციით ჩავებმები.
მაშინ მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია, იყო „ნამდვილი“ ნამუშევრის შექმნისას, არ დაისტრესო არაიდეალურად გავლებული ხაზების გამო და ბოლომდე გადმოსცე ის ემოცია, რასაც მისი შექმნისას გრძნობ. მართლაც საოცრებაა, ხედავდე საკუთარ კვალს თითოეულ ნამუშევარში, ამბობდე შენს სათქმელს, რომელიც მხოლოდ შენი არ არის. სწავლის პროცესში ბევრი ისეთი ნამუშევრის შექმნაც მიწევს, რომლის დახატვაც სიზუსტეს მოითხოვს, თუმცა, ვფიქრობ, ბუნებრივად მაინც ვახერხებ ყველა მათგანში რაღაც ჩემი შევიტანო. ჩემი ყველა შექმნილი გოგონა მე ვარ, ყოველი ფერი ტილოზე ჩემი ემოცია, სურვილები და მისწრაფებებია. ამ გამოფენაში მონაწილეობა საშუალებას მომცემს ჩემი შემოქმედება ფართო აუდიტორიას გავაცნო, ეს მართლაც უდიდესი მოტივაცია იქნება ჩემთვის.“