0%

ხათუნა გაბრიჭიძე

ხელოვანის პორტრეტი

„ბავშვობიდან მიზიდავდა კულტურა და ხელოვნება. მაგრამ ვფიქრობდი, რომ ჩემგან ხელოვანი არ დადგებოდა და ჩემს ინტერესსა და სიყვარულს კითხვით, ინფორმაციის მოძიებით დავიკმაყოფილებდი… დავდიოდი ხატვაზე, ვსწავლობდი თექას, გობელენს, ქართულ და აღმოსავლურ ორნამენტებს. თუმცა, ჩემი სიყვარული ბავშვობაში დარჩა… ოჯახის შექმნის შემდეგ ხანგრძლივი პერიოდით დავემშვიდობე ყველაფერს, რაც ხელოვნებასთან იყო დაკავშირებული და ყოველდღიურმა რუტინამ ჩამყლაპა.

და როგორც ყოველთვის, ყველაზე საშინელ წამსაც კი არსებობს იმედი! ჩემთვის, ეს იმედი, ამ პანდემიისა და კოვიდური შინაპატიმრობის დროს, სწორედ ჩემი ბავშვობისდროინდელი „პირველი სიყვარული“ აღმოჩნდა, – ისევ ავიღე ხელში ფუნჯი და ისევ დავიწყე ხატვა. ვხატავ, როგორც შემიძლია და ვცდილობ უკეთესად შევძლო…
ცოტა ხნის წინ, ძველი თბილისის რამდენიმე კარმა მიიქცია ჩემი ყურადღება და ბავშვობისდროინდელი მისტიკა ბავშვობისდროინდელივე ჰობით გავაცოცხლე…
იმედი მაქვს, ნელ-ნელა დავიხვეწები, რაც დავიწყებული მაქვს, – გავიხსენებ; რაც არ ვიცი, – ვისწავლი და დიდ ფორმატზე გადავიტან ყველა ჩემს „იდუმალ კარს…“
ალბათ,  ყველას გვაქვს ჩვენი „იდუმალი კარი“, რომელიც ალისასავით, საოცრებათა სამყაროში შემიყვანს და…  ალბათ ბანალურია, მაგრამ ვფიქრობ, ოცნებების ასრულება არასდროს არ არის გვიანი და მეც, მიუხედავად ჩემი ასაკისა, ჯიუტად ვცდილობ და ვაპირებ, ჩემი კარი შევაღო სამყაროში, კარი, რომელიც დღემდე დახურულია.“

 

ნამუშევრები

სერიიდან "იდუმალი კარი", 20x15სმ, ქაღ. შერ. ტექნიკა, 2020